ჩოგბურთი | საქართველოსა და ბერმუდის ნაკრებების მატჩში პირველი დღის შემდეგ ანგარიში თანაბარია #1TVSPORT
საქართველოს ვაჟთა ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის შეხვედრები ბერმუდასთან დაიწყო და პირველი სათამაშო დღის შემდეგ ანგარიში თანაბარია – 1:1.
დაპირისპირება კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიმდინარეობს. პირველ მატჩში კორტზე ალექსანდრე ბაკში გავიდა, რომელიც დანიელ ფილიპსს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა 6:4, 3:6, 6:7 (5:7) დათმო.
საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მეორე შეხვედრაში აღადგინა – საბა ფურცელაძემ უეინ მონტგომერის ორ სეტში, 6:2, 6:4 მოუგო და გუნდს ქულა მოუტანა.
საქართველოსა და ბერმუდას შორის გამარჯვებული 7 თებერვალს გამოვლინდება. დღის პროგრამა წყვილთა მატჩით დაიწყება, სადაც ალექსანდრე მეტრეველი და ზურა ტყემალაძე რიჩარდ მელორსა და დანიელ ფილიპსს შეხვდებიან, შემდეგ კი ერთეულთა შეხვედრები გაიმართება: ფურცელაძე – ფილიპსი და ბაკში – მონტგომერი.