ჩოგბურთი | საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ფინალში ითამაშებს.
„მზიურის თასზე“ მეოთხე ნომრად განთესილმა ფურცელაძემ ნახევარფინალში, დაძაბულ შეხვედრაში ამერიკელი მარტინ დამი სამ სეტში – 7:5, 6:7 (4:7), 7:6 (9:7) დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მესამე სეტის ტაიბრექიზე საბა ფურცელაძემ ორი მატჩპოინტის გადარჩენა მოახერხა. ფინალში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ფედერიკო ჩინას შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 323-ე ადგილზეა.
თავად ფურცელაძე ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.