ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტოკჰოლმის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე ATP 250 კატეგორიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
34 წლის ქართველი ჩოგბურთელი გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს რეიტინგის 133-ე ნომერს, ხორვატ ბორნა გოიოს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 3:6, 6:7 (5:7) წააგო.
შეხვედრაში გოიომ 18 ეისი შეასრულა და მეტოქის მოწოდება ორჯერ მოიგო. ბასილაშვილს რვა ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლო, ხორვატმა კი ოთხი შესაძლებლობიდან ორი გამოიყენა.
ბასილაშვილმა სტოკჰოლმის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში იტალიელი ფრანჩესკო პასარო ორ სეტში – 6:4, 6:3 დაამარცხა.
ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 87-ე პოზიციაზე იმყოფება. ოქტომბერში ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში გავიდა და 2022 წლის შემდეგ პირველად შეძლო ATP-ის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაში.