ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს. მას შემდეგ, რაც პირველ შეხვედრაში ავსტრიელ ჯულია გრაბერს სძლია, მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის 227-ე ნომერს, იაპონელ ჰაიუ კინოშიტას შეხვდა. აღნიშნული მატჩი ბოლქვაძემ ორ სეტში 6:3, 6:2 მოიგო და ძირითად ბადეში გასასვლელად მხოლოდ ერთ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება.
ბოლქვაძემ პირველი სეტი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა – მეტოქე სამჯერ დააბრეიქა, საკუთარი ჩაწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო. ანგარიშზე 2:1 მან მეტოქის მოწოდება აიღო, 4:1-ზე კი იგივე გაიმეორა და 5:1 დაწინაურდა. მართალია, მეშვიდე გეიმში მატჩპოინტის რეალიზება ვერ შეძლო, მაგრამ მომდევნო გეიმში შეხვედრას წერტილი დაუსვა.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ, ფინალურ მატჩში მარიამის მეტოქე ბელგიელი ჟელინ ვანდრომე იქნება – ის მსოფლიო რეიტინგში 161-ე ადგილზეა.