ჩოგბურთი | კარლოს ალკარასი პარიზის მასტერსის გამარჯვებულია #1TVSPORT

20:23, 08.11.2026

ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა პარიზის ATP-ის 1000-ქულიანი ტურნირი მოიგო. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ფინალში ამერიკელი ბენ შელტონი ორ სეტში, 7:6 (7:5), 7:5 დაამარცხა და კარიერაში 29-ე ტიტულს დაეუფლა.

შეხვედრა საათსა და 59 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი გახდა საჭირო, რომელშიც ალკარასმა 7:5 იმარჯვა. მეორე სეტშიც დაძაბული ბრძოლა გაიმართა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ესპანელმა უკეთ ითამაშა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

23 წლის ალკარასისთვის ეს ATP-ის ტურნირებზე მოპოვებული 29-ე ტიტულია, რომელთაგან შვიდი „დიდი სლემის“ გათამაშებებზე მოდის. ესპანელს ორჯერ აქვს მოგებული „როლან გაროსი“ (2024, 2025), უიმბლდონი (2023, 2024) და აშშ-ის ღია პირველობა (2022, 2025), ხოლო 2026 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზეც გაიმარჯვა.

მელბურნში მოპოვებული გამარჯვებით ალკარასი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ოთხივე „დიდი სლემის“ ტურნირის მოგება მოახერხა. პარიზში მოპოვებული ტიტული მისთვის „მასტერსის“ სერიაში მეცხრეა.

2026 წელს ესპანელმა მეხუთე ტურნირი მოიგო. მანამდე ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობაზე, დოჰაში, ტოკიოსა და ვენაში იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ალკარასმა შელტონთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა 4:1-მდე გაზარდა. მათი წინა დაპირისპირება 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი