ჩოგბურთში წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული იტალიელი იანიკ სინერი გახდა.
ტურინში გამართული შეჯიბრების ფინალში 24 წლის სინერმა კარლოს ალკარასი ორ სეტში – 7:6 (7:4), 7:5 დაამარცხა.
ტიტულის მოგებით იტალიელმა 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მან წლის შემაჯამებელ ტურნირზე ხუთი მატჩი ჩაატარა და სეტი არ წაუგია. სინერმა შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო.
სინერისა და ალკარასისთვის ეს დაპირისპირება მე-16 იყო, 10-ჯერ ესპანელმა გაიმარჯვა, ხოლო 6-ჯერ – იტალიელმა. 2025 წელი კი რეიტინგის პირველ პოზიციაზე კარლოს ალკარასმა დაასრულა.