ჩოგბურთი | აშშ-ის ღია პირველობის საკვლიფიკაციო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირის, აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს – მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგოძე და ნიკოლოზ ბასილაშვილი.
მარიამ ბოლქვაძის პირველი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 214-ე ნომერი, რუსეთის სახელით მოასპარეზე ერიკა ანდრეევა იქნება. ჩოგბურთელების შეხვედრა 24 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება გორგოძეს, მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-20 ნომრად განთესილი, 33 წლის პოლონელი კატაჟინა კავაა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 133-ე ჩოგანი გახლავთ. მათი დაპირისპირება 25 აგვისტოს, 01:00 საათიდან არის ჩანიშნული.
მამაკაცთა საკვალიფიკაციო ბადეში მე-19 ნომრად არის განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის პირველ წრეში სამხრეთკორეელ ჰონ სეონჩანს შეხვდება. მატჩი 25 აგვისტოს, 19:00 საათიდან დაიწყება.