ჩოგბურთი, აშშ-ის ღია 2026, ქალები | ელენა რიბაკინას რეიტინგის ლიდერობამდე ორი მატჩის მოგება რჩება #1TVSPORT
აშშ-ის ღია პირველობაზე დასრულდა 1/16-ფინალი. მორიგ სათამაშო დღეს ქალთა სატურნირო ბადის ქვედა მხარეს მყოფმა ჩოგბურთელებმა ითამაშეს.
კარიერაში მეორედ გავიდა აშშ-ის ღიას მერვედფინალში ელენა რიბაკინა. მან ორ სეტში მოუგო უკრაინელ იულია სტაროდუბცევას, რომელთანაც როლან გაროსზე დათმო შეხვედრა. თუ რიბაკინა ნიუ იორკში კიდევ ორ შეხვედრას მოიგებს, პირველად ჩაუდგება სათავეში მსოფლიო რეიტინგს. მერვედფინალში მას ელოდება შეხვედრა ნაომი ოსაკასთან.
ამ სათამაშო დღის გმირი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი კინვენ ჟენი. ჩინელმა ამერიკელ მედისონ კისთან შეხვედრაში მესამე სეტი 0:5-დან გადაარჩინა და მერვედფინალში გავიდა. არადა, ჟენს დაბალი რეიტინგის გამო კვალიფიკაციის გავლა მოუწია. მისი მეტოქე მერვედფინალში იგა შვიოტეკი იქნება, რომელმაც ორი ტაიბრეიკი მოუგო ჩეხ მარი ბუზკოვას. სხვათა შორის, პარიზის ოლიმპიადაზე შვიოტეკს ოქროს მედლისკენ გზა სწორედ კინვენ ჟენმა გადაუღობა.
ქალთა ტურნირზე სენსაციები მინიმალურია – მერვედფინალურ ეტაპზე TOP 10-ის შვიდი წარმომადგენელი გავიდა, ხოლო განუთესავი მოთამაშეებიდან ამ რაუნდში მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა გააღწია – ტეილორ თაუნსენდმა და კინვენ ჟენმა.
1/16-ფინალი
მირა ანდრეევა (5)-ნიკოლა ბარტუნკოვა (ჩეხ) 6:2, 7:6(5)
ანასტასია პოტაპოვა (ავსტრია, 24)-ამანდა ანისიმოვა (აშშ, 10) 6:2, 7:5
ივა იოვიჩი (აშშ, 14)-ალექსანდრა ეალა (ფილ, 17) 7:5, 3:6, 7:5
კოკო გაუფი (აშშ, 4)-კრისტინა ბუკშა (ესპ) 6:3, 6:4
იგა შვიოტეკი (პოლ, 8)-მარი ბუზკოვა (ჩეხ, 25) 7:6(3), 7:6(3)
კინვენ ჟენი (ჩინ)-მედისონ კისი (აშშ, 22) 1:6, 7:6(3), 7:5
ნაომი ოსაკა (იაპ, 13)-ელიზ მერტენსი (ბელ, 23) 6:3, 3:6, 7:5
ელენა რიბაკინა (ყაზ, 2)-იულია სტაროდუბცევა (უკრ) 7:6(6), 6:3