ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ის ღიას მეორე წრეშია
ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ის ღიას მეორე წრეშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიოს 202-ე ჩოგანია, აშშ-ის ღიას მეორე წრეში გავიდა. მან რეიტინგის 65-ე ნომერს, ამერიკელ ბერნარდა პერას ორ საათსა და 21 წუთში სამ სეტში მოუგო – 6:3, 5:7, 6:4.

მატჩის ფავორიტად, რა თქმა უნდა, ამერიკელი მიიჩნეოდა – რეიტინგითაც და გამოცდილებითაც, მაგრამ ბოლქვაძე მატჩის პირველ ნახევარში ერთი თავით მაღლა მოწინააღმდეგეზე.

პირველ სეტში პირველი ბრეიკ-პოინტი მასპინძელმა მიიღო და ეს შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, პარტიის ბოლომდე პერას მეტოქის მოწოდების აღების შესაძლებლობა აღარ მისცემია, ბოლქვაძემ კი რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, ორჯერ აიღო ამერიკელის მოწოდება და პირველ სეტში 6:3 გაიმარჯვა.

მეორე სეტში გარკვეული ხანი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც, ბოლქვაძემ მერვე გეიმში დიდი ბრძოლა გაუმართა პერას, ექვსი ბრეიკ-პოინტი მიიღო და მეექვსე ცდაზე მიაღწია საწადელს. ამით ქართველმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. როგორც ჩანს, ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში მარიამი ანერვიულდა და თითქმის უბრძოლველად დათმო საკუთარი მოწოდება. ეს იყო პერას პირველი ბრეიკი მატჩში. ამას მე-11 გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი მოჰყვა და ამერიკელმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ბოლქვაძის ჩავარდნა მესამე სეტის სტარტზე გაგრძელდა – პერამ პარტია ბრეიკით დაიწყო. მეოთხე გეიმში ქართველმა უკურეიკი შეასრულა და იქვე ისევ დაუთმო საკუთარი გეიმი. თამაშში გარდატეხა მერვე გეიმიდან შედგა – 3:4-ზე ბოლქვაძემ მოუმატა, ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, ორი ბრეიკ-პოინტიც მოიგერია და თავის კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. ბოლქვაძისთვის ეს არა მხოლოდ „დიდი სლემის“ ტურნირებზე, არამედ მთლიანად ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) დონეზე პირველი მოგებული მატჩი იყო.

მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძეს ელის შეხვედრა ტურნირის მესამე ნომერთან კაროლინა პლიშკოვასთან, რომელმაც ორ სეტში მოუგო თანამემამულე მარტინკოვას – 7:6(6), 7:6(3).