ჩხვიმიანი, ნოზაძე და მარგველაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დღეს მედლების მოპოვებას შეეცდებიან #1TVSPORT
ჩხვიმიანი, ნოზაძე და მარგველაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დღეს მედლების მოპოვებას შეეცდებიან #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტს აიღებს გრანდ სლემი ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილი შეეცდებიან.

60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი – ლიორ რაფაილოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი მოლდოველ ალექსანდრუ ტირსინას შეხვდება.

60 კგ-ში დღეს გრანდ სლემზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი თემურ ნოზაძე, ჩხვიმიანის მსგავსად განთესილი იქნება და ტურნირში ისიც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ნოზაძე პირველ დაპირისპირებაში ბრიტანეთის წარმომადგენელ – დილან მუნროს შეხვდება. ბრიტანელთან წარმატების შემთხვევაში კი ნოზაძის მეტოქე ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და უნგრელ მარტონ ანდრასს შორის გამარჯვებული იქნება.

ორივე ქართველის კარგად გამოსვლის შემთხვევაში ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართულ ნახევარფინალს ვიხილავთ.

66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილიც სხვა ქართველების მსგავსად განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე პოლონელ პატრიკ ვავრიჩეკსა და ბრიტანელ გრეგ უორის შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ვაჟა წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონ ჰიფუმი აბეს ფინალამდე არ შეხვდება.

დღეს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00-ზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00-ზე გაიმართება.