ჩხუბი, წითელი ბარათები და პირველი დაკარგული ქულები - „დილამ“ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
ჩხუბი, წითელი ბარათები და პირველი დაკარგული ქულები - „დილამ“ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-3 ტურის თამაშები დაიწყო. გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ „დილამ“ მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თამაში ძალიან ხისტი გამოდგა. პირველ ტაიმში და შესვენებამდე გორელები იძულებულები გახდნენ ორი მოთამაშე შეეცვალათ – თორნიკე კაპანაძე და ცოტნე მოსიაშვილი, რომელიც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გორელთა კიდევ ერთი მოთამაშე ამოს ნონდი ტაიმის ბოლო წუთზე საკუთარ მეკარეს შეეჯახა და მისი მდგომარეობის გამო მეორე ტაიმი რამდენიმე წუთის დაგვიანებით განახლდა, მაგრამ ის დაბრუნდა და ბოლომდე ითამაშა.

გუნდები საკმაოდ მაღალ ტემპში თამაშობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ შესვენებამდე გოლი არ გასულა. მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა: 53-ე წუთზე, ბათუმელებმა შეტევა მარცხენა ფლანგზე განავითარეს. ირაკლი აზაროვის ჩაწოდებული ბურთი „დილას“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ თორნიკე გაფრინდაშვილმა დამატებაზე ზუსტად დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა – 0:1.

გორელებმა თამაშის გადარჩენა სცადეს და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს. ამ შესაძლებლობით გუნდის ახალწვეულმა ონორე გომისმა ისარგებლა – 67-ე წუთზე, გორელთა 26 წლის სენეგალმა ნახევარმცველმა ალვარო ტავარეშის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ლადო მამუჩაშვილს დაასწრო და „დინამოს“ კარი აიღო  – 1:1.

გორელებმა მეტოქის კარის მეორედაც აიღეს – ამჯერადაც ბათუმელების კართან იერიში გომისმა განავითარა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ბურთი კარის წინა ჩააწოდა, მცველს კი თამაზ მაქაცარიამ დაასწრო და „დილა“ დააწინაურა – 2:1.

ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. ბათუმელთა შემტევს, სტეფან დენკოვიჩსა და გორელთა თავდამსხმელს, პაატა ღუდუშაურს შორის ინციდენტი გუნდურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მთავარმა არბიტრმა ოთხი ყვითელი ბარათი აჩვენა – პაატა ღუდუშაურს, ანრი ჭიჭინაძეს, ჯანო ანანიძეს და სტეფან დენკოვიჩს, რომელმაც 17 წუთში მეორე გაფრთხილების მიღება მოასწრო და მოედნის დატოვება მოუხდა.

საბოლოოდ, შეხვედრა „დილას“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1. „დილა“ რქვსი ქულით ბათუმის „დინამოს“’ წამოეწია და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დააკარგვინა – ახლა ეს გუნდები, ისევე როგორც „თელავი“ (6), გათამაშებას ლიდერობენ.

დღეს მე-3 ტურის მორიგი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება, სადაც „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს, ხოლო დანარჩენი 3 მატჩი ხვალ შედგება:

ოთხშაბათი, 9 მარტი

თელავი – სამგურალი

18:30. კავკასიონი არენა – თელავი

დინამო თბ – სიონი

19:30. დინამო არენა – თბილისი

ლოკომოტივი – გაგრა

21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი