ჩხეტიანმა „ტორპედოში“ დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა - მადლობა ქუთაისელ გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის #1TVSPORT
ჩხეტიანმა „ტორპედოში“ დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა - მადლობა ქუთაისელ გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის #1TVSPORT

კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოში“ ოფიციალურად დაბრუნდა და თავისი საქმე ფინანსურად ჯერაც გაუმართავ გუნდში უკვე გააკეთა – „რამაზ შენგელია – არენაზე“ ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველ მატჩში „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მეტოქეს უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა – 2:2.

გუნდში დაბრუნებულმა კახა ჩხეტიანმა ემოციები არ დამალა და განაცხადა, რომ თამაშამდე ნერვიულობდა.

„დიდი ხანი გავიდა, რაც „ტორპედოს“ მწვრთნელის რანგში კომენტარი არ გამიკეთებია და თამაშამდე ცოტა ვნერვიულობდი. შეხვედრას რაც შეეხება, ბათუმის „დინამო“ კარგი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს და საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი წვრთნის, მაგრამ მე ჩემს ბიჭებს ვეუბნები – ფეხბურთის თამაშით შესაძლებელია მოგება, თუ საამისოდ ყველაფერს გაიღებენ. მათ ეს ჩვენს გულშემატკივრებს აჩვენეს“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

ქუთაისელი გულშემატკივარი ემოციებით შეხვდა კახა ჩხეტიანის დაბრუნებას, რომელსაც გუნდის ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდება.

„მე მინდა ქუთაისელ გულშემატკივრებს თბილი შეხვედრისთვის მადლობა გადავუხადო. მას შემდეგ, რაც „ტორპედო“ შეიქმნა, თუ რაიმე ტიტული მოვიგეთ და თუ წარმატებას მივაღწიეთ, ეს ყველაფერი გულშემატკივრებისა და მათი თანადგომის დამსახურებაა. ფეხბურთელიც ყოველთვის გულშემატკივრებისთვის იხარჯება და ორივეს მადლობას ვუხდი. ჩვენს ბიჭებს განსაკუთრებული მადლობა, რადგან ყველამ ვიცით, გუნდში რა პრობლემებია. მათ გადაწყვიტეს, რომ გუნდს ბოლომდე გვერდით დაუდგნენ. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება და ბრძოლას გავაგრძელებთ“, – აცხადებს ჩხეტიანი.

ზედიზედ მეორე წრეა, ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ ქულებს ართმევს და 19 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-7 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი