ჩხეტიანმა „ტორპედო“ გამოაფხიზლა - ქუთაისელებმა გორში „დილა“ დაამარცხეს #1TVSPORT
ჩხეტიანმა „ტორპედო“ გამოაფხიზლა - ქუთაისელებმა გორში „დილა“ დაამარცხეს #1TVSPORT

ქუათისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანის დაბრუნება დაეტყო – გუნდი 23-ე ტურის მატჩში „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, გორის „დილას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ქუთაისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 22-ე წუთზე დაწინაურდნენ. მეჰდი ბუკასის შესრულებული კუთხურის შემდეგ ბაქარ მირცხულავამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში ქუთაისელები 50-ე წუთზე პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, როდესაც გორელთა მცველი ანდრო ნემსაძე მეჰდი ბუკასის მაისურით იჭერდა, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა. 2 წუთში ქუთაისელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. „დილას“ მცველებმა ბურთი ვერ მოიგერიეს, საჯარიმოში შექმნილი არეულობით ირაკლი ძარიამ ისარგებლა და ეფექტური გოლი გაიტანა 0:2.

გორის „დილა“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო. 90+2-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 1:2.

ქუთაისის „ტორპედომ“ ამ გამარჯვებით 23 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა, ქობულეთის „შუქურას“ გადაასწრო და მე-8 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო გორის „დილა“ (36 ქულა) ისევ მე-3 ადგილზე დარჩა.