ჩხეტიანის წარმატებული სტატისტიკა - „ტორპედო“ ევროზონას მიუახლოვდა #1TVSPORT
ჩხეტიანის წარმატებული სტატისტიკა - „ტორპედო“ ევროზონას მიუახლოვდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ კახა ჩხეტიანის სტატისტიკა გამოაქვეყნა – კლუბში დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტის ხელში გუნდს უკვე ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე 7-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს.

ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა მოიგო ეროვნული ლიგა, ორჯერ საქართველოს თასი და ორჯერ საქართველოს სუპერთასი. 2019 წლის ბოლოს, კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო კახაბერ ჩხეტიანმა გუნდი დატოვა.

მეორედ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელად 2021 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა, იმავე წლის 1-ელ ნოემბერს გუნდის დირექციამ გაათავისუფლა. კახა ჩხეტიანი გუნდში ზაფხულში, გია ცეცაძის წასვლის შემდეგ დაბრუნდა. ეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში მოხდა, როდესაც გუნდი აუტსაიდერებში იყო.

მას შემდეგ კლუბმა ჩემპიონატსა და საქართველოს თასზე 11 მატჩი ჩაატარა და 8 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. გუნდმა ამ შეხვედრებში 24 გოლი გაიტანა და 17 გაუშვა. მთავარია, წარმატებულმა სერიამ აუტსადერებში მყოფი „ტორპედო“ 37 ქულით ხუთეულში დააწინაურა, და მესამე და მეოთხეადგილოსნებთან, „სამგურალთან“ (42) და გორის „დილასთან“ (38) სხვაობა საგრძნობლად შეამცირა და ევროთასებისთვის ბრძოლა რეალური გახადა.