ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოში“, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება #1TVSPORT
ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოში“, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება #1TVSPORT

დიდი ალბათობით, მალე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს წარადგენენ – საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს, რომ გუნდში კახა ჩხეტიანის დაბრუნება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩის შემდეგ, როდესაც ქუთაისელები წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ „სამგურალს“ ესტუმრებიან, ქუთაისურ კლუბს კახა ჩხეტიანი ჩაიბარებს, რასაც დიდი ხანია, გულშემატკივრები ითხოვენ.

გუნდის ხელმძღვანელობამ აპრილში დააკმაყოფილა გიორგი ცეცაძის მოთხოვნა და გაათავისუფლა. „ტორპედოში“ მის შემცვლელად სწორედ 44 წლის ქუთაისელ სპეციალისტს ასახელებდნენ, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა გაიწელა. თუმცა შევიტყვეთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.

ჩხეტიანმა კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო და მისი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. სამწვრთნელო კარიერაც 2011–2013 წლებში მშობლიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო და ყველაზე დიდ წარმატებასაც იქ მიაღწია. მთავარ მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მას შემდეგ „ტორპედოს“ წარმატებული ხანა დაიწყო– ქუთაისელები გახდნენ საქართველოს ჩემპიონები (2017), ორჯერ დაეუფლნენ საქართველოს თასს (2016, 2018) და ორჯერ – სუპერთასს (2018, 2019).

თანამშრომლობა 2019 წელს კლუბში შექმნილი უმძიმესი ფინანსური ვითარების გამო შეწყდა. 2021 წლის ივნისში ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელად მეორედ დაინიშნა, თუმცა 1 ნოემბერს გაათავისუფლეს.