ჩხეტიანი ელიგის წრის მწვრთნელია - მან აუტსაიდერი „ტორპედო“ მესამე ადგილზე გადაიყვანა #1TVSPORT
ჩხეტიანი ელიგის წრის მწვრთნელია - მან აუტსაიდერი „ტორპედო“ მესამე ადგილზე გადაიყვანა #1TVSPORT

კახა ჩხეტიანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელია – ქუთაისის „ტორპედოს“ დამრიგებელი ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.

ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელმა პატარა სასწაული შეძლო და აუტსაიდერებში მყოფი გუნდი მესამე ადგილზე აიყვანა. ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ 9 მატჩიდან მხოლოდ წრის პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

აღსანიშნავია ამ პერიოდში გუნდის შედეგიანი თამაშიც: ქუთაისელებმა მესამე წრეში 20 გოლი გაიტანეს, ანუ საშუალოდ 2,2 გოლი თამაშში. „ტორპედომ“ 9 მატჩში უფრო მეტჯერ აიღო მეტოქეთა კარი, ვიდრე წინა 2 წრეში – პირველ-მეორე წრის 18 მატჩში გუნდმა მხოლოდ 18 გოლის გატანა შეძლო.

27 ტურის შედეგად, ქუთაისელებმა 43 ქულა დააგროვეს. წრის ბოლო მატჩში „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ამ 9 მატჩში გუნდმა 22 ქულა დააგროვა, როდესაც წინა 18 შეხვედრაში მხოლოდ 21 ქულა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანი გუნდში წელს, მაისში დააბრუნეს, როდესაც გუნდში რთული ვითარება შეიქმნა. საკმაოდ დიდი ხანი გუნდი ბოლო (მე-10) და ბოლოსწინა (მე-9) ადგილებზეც იმყოფებოდა. ჩხეტიანის დაბრუნების გადაწყვეტილებამ „ტორპედოს“ შედეგი მოუტანა.