ჩისკო მუნიოსი - მადლობა „დინამოელებს“, გამარჯვებას „ლოკომოტივსაც“ ვულოცავ
ჩისკო მუნიოსი - მადლობა „დინამოელებს“, გამარჯვებას „ლოკომოტივსაც“ ვულოცავ

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსთან“ მოგებულ შეხვედრაზე ილაპარაკა და მოთამაშეებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

უელსელებთან თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ კარგი გუნდი იყო და რთული შეხვედრაც გვქონდა. მეტოქე სათამაშო სივრცეს გვიზღუდავდა, მაგრამ 90 წუთი უპირატესობას ვფლობდით და კარგია, რომ გამარჯვების მოპოვება ძირითად დროში შევძელით. ბიჭებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ“, – ამბობს ჩისკო მუნიოსი.

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული თბილისის „ლოკომოტივის“ შესახებაც ილაპარაკა:

„მინდა გამარჯვება მივულოცო „ლოკომოტივსაც“, რომლის წარმატებამ და გამოსვლამ ყველა გულშემატკივარი გაახარა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპალიგაზე ასპარეზობას ქვეყნის ორი გუნდი აგრძელებს“.

„დინამო თბილისმა“ რექსემში, „რეისქურს გრაუნდზე“ „ნომედსთან“ გამართული შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყვიტა – მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი გაბედავამ გაიტანა და საბოლოოდ, შეხვედრა თბილისელთა მოგებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა და „დინამო“ ევროპალიგის მესამე ეტაპზე გავიდა.