ჩისკო მუნიოსი - დინამოელებმა იციან, რომ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ
ჩისკო მუნიოსი - დინამოელებმა იციან, რომ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკთან“ შეხვედრამდე „დინამოს“ პრესსამსახურს ელაპარაკა.

საქმე ისაა, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებული ვითარების გამო, ფარერულმა მხარემ „დინამოს“ თხოვნით მიმართა, მატჩისწინა პრესკონფერენცია არ გამართულიყო.

„გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს და საკმაოდ რთული შეხვედრის მოლოდინში ვართ. შემიძლია ვთქვა, რომ კარგ მეტოქეს ვეთამაშებით. ვნახეთ „კლაკსვიკის“ თამაში და მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ეს განსაკუთრებით შემტევ ხაზს ეხება“, – ამბობს ჩისკო მუნიოსი.

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფარერებზე არსებულ სირთულეებზეც ილაპარაკა:

„ფეხბურთელებს ესმით, რომ თამაში ჩატარდება ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რაც დამატებითი სირთულეა. მაგრამ მჯერა ჩემი გუნდის და რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

ჩისკო მუნიოსმა მეტოქეებს შორის განსხვავებაზე ილაპარაკა:

უელსულ ქონაჰსა“ და „კლაკსვიკს“ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. უელსელები ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები იყვნენ. ისინი განსხვავებული ტაქტიკით თამაშობენ. „კლაკსვიკი“ კი უფრო მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე თამაშობს. ჩვენი მომავალი მეტოქე უფრო ტექნიკური გუნდია. მათ ჰყავთ გამოკვეთილი ცენტრფორვარდი. ასე რომ, განსხვავებული თამაში იქნება“.

ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის საევროპო მიზანზეც ილაპარაკა:

„ბიჭებმა იციან, რომ მეტოქე მაქსიმალურად დაიხარჯება და ჩვენც ასევე უნდა გავაკეთოთ. ამის მერე პლეი ოფია და იქ ასპარეზობა ძალიან გვინდა. ეს ყველას გათავისებული აქვს. ბოლო წლებში ფარერებზე საკმაოდ მომატებულია საფეხბურთო დონე. ეს არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო ფეხბურთშიც კარგად ჩანს. მთავარია, სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რადგან ამ ეტაპზე გათამაშება ერთთამაშიანია. ეს განსაკუთრებულ მობილიზაციას და დახარჯვას ითხოვს“.

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკს“ 24 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.