ჩინეთში მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი არ გაიმართება
ჩინეთში მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი არ გაიმართება

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დახურული არენებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალი წლისთვის გადაიტანა. ამის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ჩინეთში მძვინვარებს.

ტურნირი 13-15 მარტს, ჩინეთის ქალაქ ნანკინში უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად ჩატარდება 2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი. როგორც საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი სებასტიან კოე ამბობს, გაისად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის უნდა იყოს ორკვირიანი ინტერვალი, რათა სპორტსმენებმა ორივე ტურნირში შეძლონ მონაწილეობის მიღება.

2021 წელს, დახურული არენებისთვის ევროპის ჩემპიონატი 5-7 მარტს პოლონეთში გაიმართება. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების სავარაუდო თარიღი იქნება – 12-14 მარტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ჩინეთში არ გაიმართება ATP-ის „ჩელენჯერის” სერიის ოთხი საჩოგბურთო ტურნირი, აგრეთვე, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები კალათბურთსა და კრივში.