ჩინეთში კორონავირუსის შესახებ პირველი კვლევა და სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა
ჩინეთში კორონავირუსის შესახებ პირველი კვლევა და სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის შესახებ პირველი კვლევა და სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

სპეციალისტების დასკვნაში ნათქვამია, რომ ინფიცირებულთა 80 პროცენტის მდგომარეობა მსუბუქია. მათივე თქმით, „კოვიდ-19“ ყველაზე დიდ საფრთხეს მოხუცებს, ასევე სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს უქმნის.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში არიან ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, 70 000-ზე მეტი ინფიცირებულის აღრიცხვის და მათი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდა.

სპეციალისტების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 80,9 პროცენტში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, 13,8 პროცენტი არის მძიმე შემთხვევა. დაავადებულთა მხოლოდ 4,7 პროცენტის მდგომარეობა აღმოჩნდა კრიტიკული.

ვირუსით გარდაცვლილთაგან უმეტესობა 80 წელს გადაცილებული პირია.

ცხრა წლამდე ბავშვების შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 39 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა შორის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი დაბალია და 0,2 პროცენტს შეადგენს.

40 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალების შემთხვევები მეტია და 0,4 პროცენტს შეადგენს, 50 წელს ზემოთ პირებს შორის ეს მაჩვენებელი 1,3 პროცენტია, 60 წელს ზევით – 3,6 პროცენტი, ხოლო 70 წელს ზემოთ რვა პროცენტი.

კვლევის თანახმად, ვირუსით გარდაცვლილებს შორის უფრო მეტი კაცია, ვიდრე ქალი.

დაავადებებს შორის, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის პაციენტს, პირველ ადგილზეა გულსისხლძარღვთა დაავადებები, შემდეგია დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და ჰიპერტონია.

ჩინელი სპეციალისტების კვლევაში ასევე მოხვდა ვირუსით დაავადებული სამედიცინო პერსონალის სტატისტიკური მონაცემებიც. სულ კორონავირუსი დიაგნოზი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ 3019 ადამიანს დაუდგინეს. მათგან ხუთი გარდაიცვალა.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პირი 23-26 იანვარს დაფიქსირდა, რასაც ვირუსით დაავადების ახალი შემთხვევების კლება მოჰყვა.

„ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ცალკეული ქალაქების იზოლაცია, სხვადასხვა არხებით კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება და სხვადასხვა სექტორის სწრაფი რეაგირების ჯგუფების მობილიზაცია, სავარაუდოდ ხელს შეუწყობს ეპიდემიის შეჩერებას“, – ნათქვამია ჩინელის სპეციალისტების დასკვნაში.

ამასთან კვლევის ავტორები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ „ეპიდაფეთქება შეიძლება კვლავ განმეორდეს“.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ამჟამად ინფიცირებულია 72 436 ადამიანი. ვირუსს ემსხვერპლა 1 866 პირი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 000 აღწევს.

დატოვე კომენტარი