ჩინეთში კანადის მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ჩინეთში კანადის მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთის სასამართლომ კანადის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. კანადელის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას არაადამიანურს უწოდებს, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კი ჩინეთი სიკვდილით დასჯის თვითნებურ გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ უკიდურესად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა, თვითნებურად გასცეს სასიკვდილო განაჩენები, როგორც ამ შემთხვევაში“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.

2018 წლის 20 ნოემბერს ჩინეთის სასამართლომ კანადის მოქალაქეს რობერტ ლლოიდ შელენბერგს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მსჯავრდებულმა გაასაჩივრა, თუმცა პროკურატურამ საქმე კვლავ პირველი ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა. საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა. სასამართლომ წინა განაჩენი ზედმეტად მსუბუქად მიიჩნია და ის სიკვდილით დასჯით შეცვალა. შელენბერგს განაჩენის გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს.

რობერტ შელენბერგი 2014 წელს დააკავეს. მას ჩინეთიდან ავსტრალიაში 227 კილოგრამი მეტამფეტამინის ტრანსპორტირების მცდელობაში ადანაშაულებენ. 36 წლის შელენბერგი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ჩინეთში ტურისტული მიზნებით იყო ჩასული.

რობერტ ლლოიდ შელენბერგისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენმა კიდევ უფრო გაართულა კანადასა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აშშ-ის მოთხოვნით დეკემბერში ვანკუვერში „ჰუავეის“ ფინანსური დირექტორის დაკავების შემდეგ გართულდა. მენ ვანჩჟოუს დაკავების შემდეგ, ჩინეთმა კანადა გააფრთხილა, რომ აღნიშნულ საქმეს სერიოზული შედეგები მოჰყვება, ორი დღის შემდეგ კი ჩინეთში კანადის ორი მოქალაქე დააკავეს – ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი და ბიზნესმენი მაიკლ სპავორი, რომლებსაც ჩინეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობაში სდებენ ბრალს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.