ჩინეთმა „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ფრენა შეაჩერა
ჩინეთმა „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ფრენა შეაჩერა

ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ჩინეთმა „ბოინგ 737 მაქს 8-ის“ თვითმფრინავების ფრენა შეაჩერა. აღნიშნული მარკის თვითმფრინავის კატასტროფას ეთიოპიაში გუშინ 157 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 35 ქვეყნის წარმომადგენელია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

„ბოინგ 737 მაქსი“ „ბოინგ 737“-ის“ თვითმფრინავების მეოთხე თაობაა. აღნიშნული მოდელის ფრენა 2016 წლის იანვარში დაიწყო. თვითმფრინავს 175-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს „ბოინგ 737 მაქს 8-ის“ უკვე მეორე კატასტროფაა. გასული წლის ოქტომბერში ინდონეზიური ავიაკომპანია „ლაიონ ეარის“ კუთვნილი თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ავიაკატასტროფას მაშინ 189 ადამიანი ემსხვერპლა. „ბოინგის“ ჩამოვარდნის მიზეზად გამოძიებამ მოგვიანებით ტექნიკური პრობლემები დაასახელა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შემთხვევაში საუბარია ბოინგ „737 მაქს 8-ზე“, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კატასტროფები აფრენის სტადიაზე მოხდა, შეინიშნება გარკვეული მსგავსება“, – ნათქვამია ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებაში, რომელსაც „ბიბისი“ ავრცელებს.

ამჟამად ჩინურ ავიაკომპანიებს ექსპლუატაციაში „ბოინგ 737 მაქს 8“-ის 90-ზე მეტი თვითმფრინავი აქვთ.

ჩინეთის მსგავსად, აღნიშნული თვითმფრინავების გამოყენება დროებით შეაჩერა ეთიოპიის ხელისუფლებამაც.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით კატასტროფის მიზეზები, უსაფრთხოების დამატებით ზომად მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ კონკრეტული თვითმფრინავების ფრენა“, – ნათქვამია ავიაკომპანია „ეთიოპიური ავიახაზების“ განცხადებაში.

კორპორაცია „ბოინგმა“ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და ეთიოპიის ხელისუფლებას ტექნიკურ დახმარებას დაპირდა.