„ჩიხურას“ მწვრთნელი - პირველი მოგება უფრო თავდაჯერებულს გაგვხდის
„ჩიხურას“ მწვრთნელი - პირველი მოგება უფრო თავდაჯერებულს გაგვხდის

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში კონკურენტ „მერანთან“ დამაჯერებელი მოგებით (3:0), საჩხერის „ჩიხურამ“ მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა და ბოლო ადგილი დამარცხებულ „მერანს“ გაუცვალა.

საჩხერელთა მთავარი მწვრთნელის, ვახტანგ თურმანიძის თქმით, დრო იყო, გუნდს მოეგო.

„ჯერ მინდა ფეხბურთელებს პირველი გამარჯვებისთვის მადლობა გადავუხადო. ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, ეს პირველი სამი ქულა იყო და ამითაც იყო მნიშვნელოვანი. დროც იყო, სამი ქულა აგვეღო. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ეს ძალიან გჭირდებოდა. საამისოდ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. თან კარგი ანგარიშითაც გავიმარჯვეთ და დარწმუნებული ვარ, ეს მატჩი ჩვენს ფეხბურთელებს უფრო თავდაჯერებულს გახდის,“ – ამბობს ვახტანგ თურმანიძე.

„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელმა იმ ფაქტორზე ილაპარაკა, რომელმაც მისი აზრით გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა:

„თამაში რთულად დავიწყეთ. მაგრამ შესვენებაზე ბიჭებს დაველაპარაკე, რომ მოგება შეიძლებოდა და საკუთარ თავში საამისო ძალა ეპოვათ. შეცვლებმაც გაგვიმართლა და სათადარიგოებიდან შესულმა კიკაბიძემ და მუჯირმა გაიტანეს. სხვა არაფერი შეგვიცვლია – გადაადგილება არ ყოფილა, მოედანზე მეორე ტაიმში შესულებმა თავისივე ამპლუის მოთამაშეები ჩაანაცვლეს. მაგრამ უფრო მოტივირებულები შევიყვანეთ“.