„ჩიხურამ“ და გაბედავამ „დინამო“ გაანადგურეს - თბილისელთა საჩემპიონო შანსი მინიმუმამდე შემცირდა (ვიდეო)

საჩხერის „ჩიხურა“ „დინამო-არენაზე“ თბილისის „დინამოს“ ესტუმრა, დიდი ანგარიშით დაამარცხა და ფაქტობრივად საჩემპიონო შანსი წაართვა.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურში თბილისელებმა მეტოქეს პირველივე წამებზე შეუტიეს. მაგრამ ანგარიში „ჩიხურამ“ გახსნა – მიშიკო სარდალიშვილმა მე-11 წუთზე ზუსტი დარტყმით „დინამოს“ კარი აიღო. თბილისელებისთვის მეორე ტაიმი უფრო კატასტროფულად დაიწყო: გიორგი გაბედავამ 46-ე და 51-ე წუთებზე „დინამოს“ კარის ბადე კიდევ ორჯერ შეარხია.

70-ე წუთზე თბილისელთა თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ სხვაობა შეამცირა და მასპინძლებს ქულის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. მაგრამ გიორგი გაბედავა კომპენსირებულ დროში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ჩიხურამ“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 1:4.

თბილისის „დინამო“ 32 ტურის შემდეგ 63 ქულით ისევ მეორე ადგილზეა, „საბურთალოს“ 8 ქულით ჩამორჩება და ფაქტობრივად, საჩემპიონო შანსებს დაემშვიდობა. სეზონის დასრულებამდე დარჩენილია 4 შეხვედრა, „საბურთალო“ შემდეგ ტურში „დინამოს“ ხვდება და მოგების შემთხვევაში, ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს. საჩხერელებმა კი 57 ქულა დააგროვეს, მეოთხე ადგილზე არიან და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

გიორგი გაბედავას დღევამდელი ჰეთ-თრიქით 20 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირთა დავაში ისევ დაწინაურდა და კონკურენტს, გორის „დილას“ თავდამსხმელ მიკოლა კოვტალიუკს უკვე 3 გოლით უსწრებს.