“ჩიხურა“ საქართველოს თასის ახალი მფლობელია 
“ჩიხურა“ საქართველოს თასის ახალი მფლობელია 

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული დაძაბულ ბროლაში გამოვლინდა. ისევე როგორც ეროვნულ ლიგაში, ამჯერადაც გამარჯვებულის ბედი პენალტმა გადაწყვიტა.

ქუთაისის “ტორპედო” და საჩხერეს “ჩიხურას“ მატჩში ქუთაისელებს ვერ დაეხმარა საჩემპიონო გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე, რომელის თამაშისწინა ვარჯიშზე დაშავდა. ჩემპიონს ასევე აკლდათ შემტევი ბექა ტუღუში, რომელმაც თბილისის „დინამოსთან“ 26 ნოემბრის შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.

თამაში საჩხერელთა მწვავე შეტევებით დაიწყო. მე-3 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ როინ კვასხვაძემ “ტორპედო” გოლისგან იხსნა.

მე-19 წუთზე, ქუთაისელებს დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდათ. მაგრამ გიორგი კუხიანიძემ კარიერაში პირველად ვერ გამოიყენა პენალტი – „ტორპედოს“ ნახევარმცველმა ბურთი ძელს მოახვედრა.

მეტოქეებმა გატანა ვერც მეორე ნახევარში შეძლეს და ვერც – დამატებით დროში. შეხვედრა 0:0 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. გადამწყვეტი პენალტი ისევ კუხიანიძემ შეასრულა და ამჯერადაც ვერ გამოიყენა – საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია და “ჩიხურა” მესამე ცდაზე პირველად გახდა საქართველოს თასის მფლობელი.

ამგვარად, საქართველოდან ევროპის ლიგის მესამე საგზურის მფლობელი საჩხერული კლუბი გახდა.