„ჩიხურა“ ივანწმინდაში მოგებით დაბრუნდა
„ჩიხურა“ ივანწმინდაში მოგებით დაბრუნდა

საჩხერის „ჩიხურა“ საკუთარ არენაზე ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გორის „დილასთან“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-20 ტურის ეს შეხვედრა ივანწმინდას სტადიონზე გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ გორელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მათ ამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

ანგარიში მე-8 წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა, 22-ე წუთზე, მასპინძელთა უპირატესობა ბესიკ დეკანოიძემ გაზარდა. 44-ე წუთზე გორელთა ლეგიონერმა ალვინ ფორტესმა სხვაობა შეამცირა (2:1), მაგრამ „დილამ“ მეტი ვეღარ მოახერხა. შეცვლაზე შესულმა ბიძინა მახარობლიძემ (75, 88) დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, „ჩიხურამ“ ანგარიშით 4:1 მოიგო.

ამ გამარჯვებით საჩხერელებმა 26 ქულა დააგროვეს და მეხუთეადგილოსან თბილისის „ლოკომოტივთან“ (29) და ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირეს, „დილა“ (22) კი ისევ მეშვიდეზეა.