„ჩიხურა“ „აბერდინს“ დაუზავდა - 1:1 | ევროპა ლიგა [ვიდეო]

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურა“ შოტლანდიურ „აბერდინს“ მასპინძლობდა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მათ კარისკენ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა პირველი გოლის გატანა მაინც „ჩიხურამ“ მოახერხა.

40-ე წუთზე შოტლანდიელებმა საკუთარ საჯარიმოში იუხეშეს და მატჩის მთავარმა არბიტრმა „აბერდინის“ კარში 11-მეტრიანი დანიშნა. სტუმართა გოლკიპერმა ლუისმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ კორიფაძის დარტყმას მაინც ვერ გაუმკლავდა – 1:0. საბოლოოდ, ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარში „ჩიხურამ“ თითქოს თავისი თამაში მოახვია მეტოქეს, მაგრამ საათის თავზე „აბერდინი“ გააქტიურდა და მეტოქის საჯარიმოსთან გამაგრდა. 66-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით მაისაშვილმა ითამაშა და კიდევ ერთი 11-მეტრიანი დაინიშნა, ამჯერად „ჩიხურას“ კარში. კოსგროუვმა ზუსტად დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ დინო ჰამზიჩმა კუთხე გამოიცნო, ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა – 1:1. 74-ე წუთზე სტუმრების კარისკენ ჩიტეიშვილმა გაისროლა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. 84-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი რეალური მომენტი შექმნეს – დეკანოიძის შესანიშნავი გადაცემა ერგემლიძემ საჯარიმოში მიიღო და თითქოს მეკარესაც გასცდა, მაგრამ ჯო ლუისმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, ბურთს თითებით შეეხო და საკუთარი კარი გადაარჩინა.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა ფრედ – ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება პირველ აგვისტოს გაიმართება.