„ჩიკაგო ბულსი“ დერიკ როუზის მაისურის ნომერს ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღებს #1TVSPORT
NBA-ის ლეგენდარული გუნდი „ჩიკაგო ბულსი“ ამერიკელი კალათბურთელის, დერიკ როუზის მაისურის ნომერს ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როუზი „ჩიკაგო ბულსის“ რიგებში პირველნომრიანი მაისურით თამაშობდა. ის გუნდის ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა. 2011 წელს როუზი NBA-ის რეგულარული სეზონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP-ი გახდა. ის მაშინ 22 წლისა და ექვსი თვის იყო. მისი ეს რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია.
2011-12 წლის სეზონში როუზმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც საკალთბურთო მოედანს სრულფასოვნად კარიერის ბოლომდე ვერ დაუბრუნდა.
„ჩიკაგოს“ შემდეგ ამერიკელი „ნიუ იორკ ნიქსის“, „კლივლენდ კავალიერსის“, „მინესოტა ტიმბერვულვზის“, „დეტროიტ პისტონსისა“ და „მემფის გრიზლის“ ღირსებას იცავდა. როუზმა კარიერის დასრულების შესახებ 2024 წლის 26 სექტემბერს, 35 წლის ასაკში გამოაცხადა.
NBA-ის ექვსგზის ჩემპიონს, „ჩიკაგო ბულსს“ აქამდე ჯერარდ სლოუნის (4), რობერტ ლავის (10), სკოტი პიპენისა (33) და მაიკლ ჯორდანის (23) სათამაშო ნომრები ჰქონდა ამოღებული ხმარებიდან.