ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო/ფოტო]

ფალავანთა კლუბში მიმდინარე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, დაკავებული თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ. ფალავანთა კლუბში მივიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც.

ადგილზე მისული მოჭიდავის შესახვედრად შენობიდან ფედერაციის გენერალური მდივანი გამოვიდა, რომელმაც დათუნაშვილსა და ასევე კონფლიქტში მონაწილე მის ძმას განუმარტა, რომ პრეზიდიუმზე სხვა საკითხებიც განიხილებოდა და მოჭიდავეს სხდომაზე დასწრების საშუალება მხოლოდ მისი თემის განხილვის დროს მიეცემოდა.

ამის შემდეგ ზურაბ დათუნაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა და მისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. – „მაინტერესებს ჩავხედო თვალებში ამ ხალხს რას გადაწყვეტენ. მოლოდინი არ მაქვს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს… ჩემი მოთხოვნა არის, რომ გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა და თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება მაშინ სამართალი არ ყოფილა და მე წავალ და ჩემ თავს მივხედავ“, -განაცხადა დათუნაშვილმა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ცნობილი, სავარაუდოდ, მისი დასრულების შემდეგ გახდება. პრეზიდიუმის დღის წესრიგის მთავარი თემა, ბოლო პერიოდში ჭიდაობის სამყაროში განვითარებული მოვლენები იქნება. კონკრეტულად კი პრეზიდიუმის წევრები 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები ტიტულოვანი ვეტერანი მოჭიდავეები არიან.

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.