ჭიდაობა | ზოიძეს, ლომაძესა და გობაძეს ოლიმპიადის საგზურამდე ერთი მოგება აშორებთ #1TVSPORT
ჭიდაობა | ზოიძეს, ლომაძესა და გობაძეს ოლიმპიადის საგზურამდე ერთი მოგება აშორებთ #1TVSPORT

სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თითოეულ წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის დარჩენილი 3-3 საგზური გათამაშდება. ლიცენზიის მოსაპოვებლად დღეს ხუთი ქართველი მოჭიდავე იბრძოდა, რომელთაგანაც რამაზ ზოიძეს (67), იური ლომაძესა (77) და ლაშა გობაძეს (87) ოლიმპიადის საგზურამდე ერთი მოგება აშორებთ. სამივე ქართველი ფალავანი ტურნირის ნახევარფინალშია.

ფრიდონ აბულაძე (60) და იაკობ ქაჯაია (130) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მათი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურებს გაინაღდებენ.

ხვალ, 10 მაისს კი ფალავნები ბრინჯაოს მედლებისთვის განაგრძობენ ბრძოლას და ბოლოს თითოეულ წონით კატეგორიაში ეგრეთ წოდებული „ბრინჯაოს ფინალები“ შედგება. მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ლიცენზიებისთვის სპორტსმენები 11-12 მაისს იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ოთხ ქართველ მოჭიდავეს აქვს მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.