ჭიდაობა | ხუთი მედალი ბულგარეთიდან - გელა ბოლქვაძე ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
ჭიდაობა | ხუთი მედალი ბულგარეთიდან - გელა ბოლქვაძე ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

ბულგარეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე, ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ, და ქალთა ჭიდაობებში პირველი მედლები გათამაშდა. შეჯიბრი კარგად დაიწყეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მათ ტურნირზე ოთხი მედლის მოიპოვება შეძლეს.

გელა ბოლქვაძე (82 კგ) ტურნირის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, უნგრელი ტამას ლევაი 7:1 დაამარცხა.

ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა ფრიდონ აბულაძეს, რომელმაც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს პრიზიორები კი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) გახდნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში გაფართოებული შემადგენლობითაა ჩასული, ოღონდ რამდენიმე გამოცდილი მოჭიდავის გარეშე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი ტურნირში ძირითადად ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ნაკრების წევრებით ჩაება და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება უკვე შეძლეს. შეჯიბრზე მესამე ადგილი გია ავალიანმა (70 კგ) დაიკავა.

ბულგარულ ტურნირზე მედლები დღეს და ხვალაც გათამაშდება. გუშინ წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრებიც გაიმართა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში გავიდნენ. ჩემპიონის ტიტულისთვის ორივე დღეს იობრძოლებს. დღესვე რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ: გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია და გიორგი ქაცანაშვილი (ორივე 97 კგ).

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების შანსს ინარჩუნებენ რობერტ დინგაშვილი, გოგა ძიგუა (ორივე 57 კგ) და დიმიტრი ჯიოევი (74 კგ).ისინი მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.