ჩერნობილის კატასტროფის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მაია სანდუმ და რაფაელ გროსიმ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ჩერნობილის კატასტროფიდან 40 წლის გასვლასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წელს ჩერნობილის ზონაში შესულმა რუსული ძალებმა საკმარისად არ იცოდნენ ადგილის მნიშვნელობა და ისტორია. ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარებმა ჩერნობილის ტერიტორია გამოიყენეს კიევზე შეტევის მცდელობისთვის.
„ყველაზე საშიში ის იყო, რომ როდესაც რუსები ჩერნობილში შევიდნენ, გაირკვა, რომ მათ აბსოლუტურად არაფერი ესმოდათ, თუ სად ჩავიდნენ ან რა მოხდა იქ. მათ გაანადგურეს აღჭურვილობა და ცუდად მოეპყრნენ ჩვენს პერსონალს, რომლებიც ჩერნობილის სამხედრო ობიექტსა და მასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში მუშაობდნენ. რუსეთის ყოველი დარტყმა ამტკიცებს, რომ მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია, ვიდრე ის ომის დასრულებას და დიპლომატიაზე გადასვლას არ გადაწყვეტს. ომის გაჭიანურების ყოველი თვე გვიჩვენებს, რომ დღეს გამოყენებული ზეწოლა არასაკმარისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში, ჩერნობილის კატასტროფისას გამოვლენილი გულგრილობა დღეს რუსეთის ქმედებებში მეორდება.
„როცა რუსულმა ძალებმა 2022 წელს ჩერნობილი დაიკავეს და შემდეგ – ზაპოროჟიეს ატომური სადგური, ეს წინასწარ გამიზნული არჩევანი იყო, ასეთი ადგილების მიმართ მილიონობით ადამიანის შიში იარაღად გამოეყენებინათ. ამ შიშმა მოლდოვამდეც მიაღწია“, – განაცხადა სანდუმ.