ჩერჩესოვი „ფერენცვაროშში“ მივიდა, დვალმა კი გუნდი დატოვა #1TVSPORT
ჩერჩესოვი „ფერენცვაროშში“ მივიდა, დვალმა კი გუნდი დატოვა #1TVSPORT

უნგრულმა კლუბებმა უკვე დაიწყეს მზადება საგაზაფხულო ეტაპისთვის, რომელიც 29 იანვარს იწყება. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „ფერენცვაროში“ რუსმა სპეციალისტმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა ჩაიბარა, რომელმაც ახალი სამწვრთნელო სტაფი წარადგინა და ესპანეთის ქალაქ მარბელაში ათდღიანი შეკრება დაგეგმა.

თუმცა მარბელაში გუნდთან ერთად არ იქნება ლაშა დვალი – პირველი საკადრო ცვლილება, რაც რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის მისვლის შემდეგ განხორციელდა, „ფერენცვაროშიდან“ ქართველი ფეხბურთელის, ლაშა დვალი წასვლა აღმოჩნდა.

26 წლის ქართველი მცველი მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპზე ტრავმის გამო ყოფილმა მწვრთნელმა, პეტერ შტოგერმა ჩემპიონატში და ევროტურნირებზე მხოლოდ სამჯერ ათამაშა. უნგრული მედიის ცნობით, ამის გამო დვალმა გუნდის დატოვება ჩერჩესოვის მოსვლამდე გადაწყვიტა, რადგან კონკრეტული ვარიანტი გამოუჩნდა – ლაშას ბრატისლავის „სლოვანში“ ვლადიმირ ვაისი იწვევს.

სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში ოთხწელიწადნახევარი მუშაობდა და დვალს კარგად იცნობს. 56 წლის ვაისი „სლოვანის“ ხელმძღვანელად მაისში დაინიშნა და ბრატისლავაში ორი ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია დაიმატა.

ჯერ უცნობია, რა ბედი ელის გიორგი ხარაიშვილს, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონთან კონტრაქტი 2020 წელს გააფორმა, მაგრამ ტრავმების გამო, ფაქტობრივად, „ფერენცვაროშს“ ვერ დაეხმარა.