ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, საშინელი დარტყმა აქვს - მარადონას შვილმა კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT
ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, საშინელი დარტყმა აქვს - მარადონას შვილმა კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT

დიეგო მარადონა-უმცროსმა „რადიო ნაპოლისთან“ ისაუბრა იტალიური გუნდის პრობლემებზე, „ტორონტოში“ გადასულ ლორენცო ინსენიეზე და ნეაპოლელთა ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ამ მოთამაშის რამდენიმე ვიდეო წუხელ ვნახე. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რაღაც საშინელი დარტყმა აქვს. თუმცა, „ნაპოლიში“ სათამაშოდ ხასიათიც გჭირდება და ძლიერი ფეხებიც“, – ამბობს კვარაცხელიაზე დიეგო მარადონა-უმცროსი.

მან კომენტარი გუნდიდან ლორენცო ინსინიეს წასვლაზეც გააკეთა: 

ინსინიეს გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე ვიყავი. ლორენცო ის ბიჭია, რომელიც მიყვარს. სწორი იყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიების მოწყობა, იმის გათვალისწინებით, რაც მან „ნაპოლის“ მისცა“.

დიეგო მარადონას ოჯახმა მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მოიგო, რასაც უმცროსი მარადონა სამართლიან გადაწყვეტილებას უწოდებს: 

მორლას, ცეცის და მათი კომპანიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების დადგენა დადასტურდა. სასამართლომ დაადასტურა, რომ ისინი უკანონოდ იყენებენ მამის სახელს და ბრენდს. გარდა ფულისა, რაზეც სულაც არ ვდარდობ, ეს ჩემთვის დიდი გამარჯვებაა – მამა შვილებმა უნდა წარმოადგინონ და არა უცხო ხალხმა“.