ჩემპიონთა რბოლა 2019 - მიხაელ შუმახერის ვაჟმა მეორე ადგილი დაიკავა [ვიდეო]
ჩემპიონთა რბოლა 2019 - მიხაელ შუმახერის ვაჟმა მეორე ადგილი დაიკავა [ვიდეო]

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში „ფორო სოლის“ სტადიონზე ტრადიციული ჩემპიონთა რბოლა გაიმართა.

თავდაპირველად, გამარჯვებული გამოვლინდა გუნდურ ასპარეზობაში, რომელსაც ერთა თასი ჰქვია. გამარჯვება ჩრდილოეთი ქვეყნების ნაკრებმა მოიპოვა, რომლის რიგებშიც ტომ კრისტენსენი და იოჰან კრისტოფერსონი გამოდიოდნენ.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამართულ პირველ ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებმა სებასტიან ფეტელისა და მიკ შუმახერის შემადგენლობით, დამარჯერებლად დაამარცხეს ბრაზილიელები – ელიო კასტრონევეში და ლუკას დე გრასი, ხოლო მეორე ნახევარფინალში სკანდინავებმა ტომ კრისტენსენმა და იოჰან კრისტოფერსონმა უპრობლემოდ სძლიეს მასპინძლებს – ესტებან გუტიერესსა და პატრისიო უორდს.

ფინალი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ის დაიწყო ფეტელისა და კრისტენსენის დუელით, რომელიც „ლე მანის“ ცხრაგზის ჩემპიონმა მოიგო და ჩრდილოეთი ქვეყნების ნაკრები დაწინაურდა.

შემდეგ, უმცროსმა შუმახერმა დაამარცხა WRX-ის მოქმედი ჩემპიონი კრისტოფერსენი და ანგარიში გათანაბრდა. ასე რომ, ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა მიხაელ შუმახერის ვაჟისა და „მისტერ ლე მანის“ – კრისტენსენის დუელს. გადამწყვეტი ბრძოლა დანიელმა მოიგო, რომელიც მეთხუთმეტედ გამოდიოდა ჩემპიონთა რბოლაში, გერმანელი კი დებიუტანტი იყო. ფინალში მათ შორის სხვაობამ 0.3 წამი შეადგინა.
ასე რომ, ჩრდილოეთი ქვეყნების ნაკრებმა დაამარცხა გერმანია და 2014 წლის შემდეგ მეორედ მოიგო ერთა თასი. გერმანიას ეს პრიზი რვაჯერ აქვს მოგებული, რაც, ძირითადად, ფეტელისა და მიხაელ შუმახერის დამსახურებაა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, ის სენსაციურად მოიგო მექსიკელმა რალისტმა ბენტინო გუერამ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა სებასტიან ფეტელი, დევიდ კულტჰარდი და მიკ შუმახერი, მეოთხედფინალში აჯობა პიერ გასლის, ნახევარფინალში კი თანამემამულე ესტებან გუტიერესს გაუსწორდა და ფინალში გავიდა.

იქ გუერას მეტოქე იყო DTM-ის მრბოლელი, „ლე მანის 24 საათის“ ყოფილი გამარჯვებული ლოიკ დუვალი. მექსიკელმა ორიდან ორი ცდა მოუგო ფრანგს და ჩემპიონთა ჩემპიონი გახდა.