ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი | „დინამო თბილისი“ – „ასტანა“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი | „დინამო თბილისი“ – „ასტანა“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 19 ივლისს „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ უმასპინძლებს. შეხვედრა „დინამო „არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„დინამოს“ პლუსები

„დინამო თბილისმა“ ასტანაში 1:1 ითამაშა და ორრაუნდიან დაპირისპირებაში მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპასუხო შეხვედრაში გუნდს ტრავმირებული მოთამაშეები უბრუნდებიან.

ანზორ მექვაბიშვილმა და ზორან მარუშიჩმა ვარჯიში განაახლეს, შესაბამისად, მატჩის განაცხადში ორივე იქნება. თუ რა დოზით გამოიყენებს მათ „დინამო თბილისის“ მწვრთნელი, თამაშის დროს გამოჩნდება, მაგრამ მათი ყოფნა გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.

შესაძლებელია მოედანზე გიორგი მოისწრაფიშვილი ვიხილოთ. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ 21 წლის ნახევარმცველი პირველ შეხვედრაში სათამაშოდ მზად არ იყო.

„ასტანა“ გაძლიერებული შემადგენლობით ჩამოვიდა

„ასტანას“ თბილისელების წინააღმდეგ სამი ახალწვეული დაეხმარება, რომლებსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში უთამაშიათ.

ორი მათგანი ცენტრალური მცველია – მონტენეგროს ნაკრების 33 წლის წევრი ჟარკო ტომაშევიჩი (59 მატჩი ნაკრებში, 5 გოლი), რომელსაც პორტუგალიაში, სერბეთში, ბელგიასა და ყაზახეთში უთამაშია და ალექსანდრე მაროჩკინი, რომელიც ყაზახეთის ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს (34 მატჩი). 32 წლის მაროჩკინი „ასტანაში“ კოსტანაის „ტობოლიდან“ გადავიდა.

„ასტანას“ მესამე ახალწვეული, 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სტეპან ლონჩარი 2018-2021 წლებში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებში (11 მატჩი) გამოდიოდა, მაგრამ ბოლო ორი წელია, მას ეროვნულ ნაკრებში აღარ იწვევენ. სამივე მათგანს „დინამოსთან“ თამაშის უფლება აქვს.

ყაზახეთის ჩემპიონს თბილისში 150-მდე გულშემატკივარი უქომაგებს

ცნობილი გახდა, რომ „დინამოსთან“ გასამართ მატჩზე „ასტანას“ თბილისში გულშემატკივრების ჯგუფი ჩამოჰყვა – საქართველოს დედაქალაქში ყაზახეთის ჩემპიონს 150-ზე მეტი ქომაგი გაამხნევებს.

ვიდეორეფერი

„დინამოსა“ და „ასტანას“ საპასუხო მატჩზე ვიდეორეფერის (VAR) სისტემის მუშაობაზე აზერბაიჯანელი სპეციალისტი იქნება პასუხისმგებელი. უეფა-მ ეს მისია აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო ჯგუფის ხელმძღვანელს, ელჩინ მამედოვს დააკისრა.

ბილეთები

თამაშის დღეს სტადიონის სალაროები 12:00 საათიდან იმუშავებს. მატჩის ბილეთების ონლაინ შეძენა კი შესაძლებელია ბმულზე (https://tkt.ge/show/13440/dinamo-tbilisi-astana…).

სკოლის მოსწავლეები თამაშს უფასოდ დაესწრებიან. მათ ბილეთის მისაღებად სალაროში უნდა წარადგინონ School Card-ი და პიროვნების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი ან დაბადების მოწმობა).