ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს „დინამო თბილისი“ განუთესავ კლუბებს შორის იქნება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს „დინამო თბილისი“ განუთესავ კლუბებს შორის იქნება #1TVSPORT

2023/24 წლის სეზონის ევროტურნირებზე არცერთი ქართული გუნდი განთესილი აღარ იქნება. უეფა საკლუბო ტურნირებამდე წილისყრისთვის გუნდებს კოეფიციენტის მიხედვით ორ კატეგორიად ყოფს – განთესილებად (უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონენი) და განუთესავებად (დაბალი კოეფიციენტის მქონენი). ამის შემდეგ კი განთესილები განუთესავებს უპირისპირდებიან.

ბოლო წლებში ევროტურნირებზე საქართველოს ოთხი წარმომადგენელიდან განთესილი მხოლოდ „დინამო თბილისი“ იყო. ეს თბილისურ გუნდს საშუალებას აძლევდა, პირველ წრეში შედარებით სუსტ მეტოქეებს შეხვედროდა, მაგრამ წარუმატებელი ევროსეზონების შემდეგ „დინამომ“ ეს პრივილეგია დაკარგა.

ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება 27 ივნისს წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყება, ხოლო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11-12 და 18-19 ივლისს შედგება.

ამ მოცემულობით, პირველ ეტაპზე „დინამო თბილისი“ არა ფარერების ან მალტის ჩემპიონს, არამედ გაცილებით ძლიერ გუნდს შეხვდება.

განთესილები, ანუ „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეები არიან: თურქეთისა და ისრაელის ჩემპიონები (ჯერ ცნობილი არაა), „ჰიკი“ (ფინეთი), „სლოვანი” (სლოვაკეთი),  „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „ასტანა“ (ყაზახეთი), „ფლორა“ (ესტონეთი), „შემროკი“ (ირლანდია), ბატე (ბელარუსი), „ნიუ სეინთსი“ (უელსი).