ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ „მალმესთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის ჩემპიონს, „მალმეს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
შვედეთის ჩემპიონმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა – ოლივერ ბერგის დარტყმა მეკარე გიორგი მაკარიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გაბრიელ ბუსანელომ ყველას დაასწრო და ბურთის გატანა არ გასჭირვებია.
„იბერიას“ ერთ-ერთი კონტრშეტევა სწრაფი და მწვავე გამოდგა, იური ტაბატაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მოცელეს. თუმცა მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

შესვენების შემდეგ შვედებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 58-ე წუთზე დანიელ გუდიონსენს საჯარიმოში ხელი ვერ შეუშალეს და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა, 71-ე წუთზე კი ტაჰა ალიმ თავი შესანიშნავი დრიბლინგითა და ეფექტური გოლით გამოიჩინა.
მატჩის მიწურულს თბილისელებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს – ლუკა სილაგაძემ ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და „იბერიის“ დებიუტანტმა, ანეს რუშევიჩმა თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა.
„იბერია “ შვედეთის ჩემპიონ „მალმეს“ საპასუხო შეხვედრაში 15 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება.