ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანი“ გავიდა - კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანი“ გავიდა - კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ  ოსიმენი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ. მათმა გუნდმა „მილანის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა და ორი მატჩშის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველი შეხვედრა „სან-სიროზე“ „მილანმა“ 1:0 მოიგო. „სტადიო მარადონაზე“ დაპირისპირება ნეაპოლელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 22-ე წუთზე რაფაელ ლეაოს წაქცევისთვის მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლივიე ჟირუმ შეასრულა. „ნაპოლის“ მეკარემ, ალექს მერეტიმ დარტყმა მოიგერია.

37-ე წუთზე შეხვედრის პოლონელ არბიტრს, შიმონ მარჩინიაკს ირვინ ლოსანოს წაქცევისთვის პენალტი „მილანის“ კარშიც შეეძლო დაენიშნა, მაგრამ სტუმრები დაინდო. 43-ე წუთზე კი, რაფაელ ლეაოს შესანიშნავი რეიდის შემდეგ კარის წინ მარტო დარჩენილმა ჟირუმ მაინც გაიტანა და პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიამ მომენტი შექმნა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. ქართველმა ფლანგზე ორი მცველი მოატყუა და კარში მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. 58-ე წუთზე ქართველი ორ მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუმკლავდა, თუმცა მიზანს კვლავ ააცილა. ხვიჩას გადაცემით (64-ე წუთზე) გატანა მატიას ოლივერასაც შეეძლო, რომელსაც ასევე მიზანმა უმტყუნა.

82-ე წუთზე „ნაპოლიმ“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა – კარში კვარაცხელიამ დაარტყა, სამწუხაროდ, მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ეს მისთვის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გაფუჭებული პენალტი იყო – პირველი ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ვერ გამოიყენა.

შეხვედრის მიწურულს, 93+3-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის ჩაწოდებას ვიქტორ ოსიმენი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ მოიგო 2:1 (1:0, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,6 (სოფასკორის ვერსიით).