ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ხვიჩა კვარაცხელია დაასვენეს - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟეს“ სძლია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ხვიჩა კვარაცხელია დაასვენეს - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟეს“ სძლია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის შეხვედრაში „ანჟეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩამდე ლუის ენრიკემ დაასვენა. ძირითად შემადგენლობაში კი ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააყენა, რომლებსაც ჩვეულებრივ ნაკლებ სათამაშო დროს აძლევს.

პარიზელები პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდნენ – მე-7 წუთზე ანგარიში კან-ინ ლიმ გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე სენი მაიულუმ სხვაობა გაზარდა. საბოლოო ანგარიში 52-ე წუთზე დააფიქსირა ნახევარდაცვაში გადაწეულმა ლუკას ბერალდომ, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ლიგა 1-ში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 69 ქულა დააგროვა, ერთი მატჩი მარაგში აქვს და კონკურენტ „ლანსს“ (63) სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კომფორტული უპირატესობით ასწრებს.