ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნი“ და პსჟ ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნი“ და პსჟ ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად გაიარა „ლიონის“ ბარიერი – 3:0. თუმცა, ფრანგული კლუბი ისეთი უმწეო არ ჩანდა გერმანიის ჩემპიონის წინააღმდეგ, როგორ მეოთხედფინალში „ბარსელონა“.

პირველ 15 წუთში „ლიონი“ ბევრით არ ჩამოუვარდებოდა „ბაიერნს“, რომელიც „ბარსელონასთან“ მატჩის დებიუტში გაცილებით საშიში სანახავი იყო. შესაძლოა, გერმანელებმა სათანადოდ არ შეაფასეს მეტოქე და კინაღამ დაისაჯნენ, როცა ეკამბიმ დევისი მოატყუა და ახლო მანძილიდან ძელს გაარტყა.

ეს მე-16 წუთზე მოხდა, ორ წუთში კი „ბაიერნმა“ ანგარიში გახსნა – კიმიხმა მცველის ზურგსუკან ჩააგდო ბურთი, რომელიც გნაბრიმ მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და ცხრიანში ზუსტად დაარტყა. ეს იყო „ბაიერნის“ მე-40 გოლი წლევანდელ გათამაშებაში. უფრო მეტი ისტორიაში მხოლოდ სამ კლუბს გაუტანია – „რეალს“, „ბარსელონასა“ და „ლივერპულს“.

მეორე გოლი 33-ე წუთზე ისევ გნაბრიმ გაიტანა. „ლიონმა“ საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი, პერიშიჩმა ფლანგიდან ჩააწოდა და ლევანდოვსკიმ ნახევარი მეტრიდან ვერ გაიტანა, მაგრამ გნაბრიმ შეძლო დამატება. ამ ფეხბურთელს მიმდინარე ლიგაზე უკვე ცხრა გოლი დაუგროვდა. უფრო მეტი მხოლოდ ლევანდოვსკისა და ჰალანდს აქვთ.

პირველი ტაიმში „ბაიერნს“ სრული უპირატესობა ჰქონდა – ბურთის ფლობა 68 პროცენტს აღწევდა, დარტყმების შეფარდება – 13:3, ზუსტი დარტყმები – 7:0.

„ლიონმა“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო – 55-ე წუთზე მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა შეასრულა, სამ წუთში კი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კართან მარტო დარჩენილმა ეკამბიმ პირდაპირ ნოიერს გაარტყა ბურთი.

ეს აღმოჩნდა „ლიონის“ ბოლო შანსი – დაებრუნებინა ინტრიგა მატჩისთვის. ამის შემდეგ, ფრანგებს რეალური მომენტი აღარ მიუღიათ. „ბაიერნი“ მშვიდად ინარჩუნებდა სასურველ ანგარიშს, ბოლოს კი ფინალში თავის მომავალ მეტოქეს არ ჩამორჩა და მანაც 3:0 გააფორმა – 89-ე წუთზე კიმიხის ჩაწოდებულ ჯარიმას თავით მიმართულება ლევანდოვსკიმ შეუცვალა. პოლონელმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა, სულ კი 15 გოლი დააგროვა.

მაშ ასე, 23 აგვისტოს, 23 საათზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“ შეხვდებიან.

 

ლიონი-ბაიერნი             0:3

გოლები: 0:1 გნაბრი (18), 0:2 გნაბრი (33), 0:3 ლევანდოვსკი (88)

ლიონი: ლოპეში – დენაიერი, მარსელო, მარსალი (73. შერკი) – დუბუა (67. ტეტე), კაკერე, ბრუნო (46. ტიაგო მენდეში), აუარი, კორნე – დეპაი (58. დემბელე), ეკამბი (67. რენე-ადელეიდი).

ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, ბოატენგი (46. ზიულე), ალაბა, დევისი – ტიაგო ალკანტარა (82. ტოლისო), გორეტცკა (82. პავარი) – პერიშიჩი (63. კომანი), მიულერი, გნაბრი (75. ფილიპე კოუტინიო) – ლევანდოვსკი.