ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველი არხის ეთერში - მადრიდის „რეალი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელსაც პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ – „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ესპანური კლუბი შეეცდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდეს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

„რეალს“ ფინალურ შეხვედრებში ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს, ტურნირის ერთადერთი ფინალური მატჩი მათ 1981 წელს წააგეს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მაშინაც მათი მეტოქე ბობ პეისლის „ლივერპული“ იყო.

“რეალს” ტურნირი 12-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება ინგლისურ კლუბს, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბოლოს 2005 წელს გახდა, როდესაც მერისაიდელებმა კარლო ანჩელოტის „მილანი“ დრამატულ თამაშში დაამარცხეს.

პირველი არხის ეთერში 22:10 საათზე წინასამატჩო გადაცემა დაიწყება, რომელშიც მატჩის წინა პერიპეტიებს, გუნდების მიერ განვლილ გზას და მათ შემადგენლობებს განიხილავენ. კიევიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან პირველი არხის კომენტატორები.

22:35 საათზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის საზეიმო გახსნის ღონისძიებას პირდაპირ ეთერში იხილავთ, ხოლო 22:45 საათზე კი მოქმედი ჩემპიონის – მადრიდის „რეალისა“ და  „ლივერპულის“ დაპირისპირება დაიწყება.

 

 

დატოვე კომენტარი