ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს უეფა-ს ყველა წევრი დაეთანხმა
ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს უეფა-ს ყველა წევრი დაეთანხმა

უეფამ ონლაინ-კონფერენცია ჩაატარა თავისი 55 წევრი ასოციაციის მონაწილეობით. შეხვედრისას განიხილებოდა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლის შესაძლებლობა.

როგორც „სქაი სპორტსი“ წერს, არც ერთი ასოციაცია არ წასულა უეფას წინადადების წინააღმდეგი, რომელიც ითვალისწინებს ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს 2024 წლისთვის. ონლაინ-კონფერენცია უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის თავმჯდომარეობით ძალიან პოზიტიური იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით აპრილში მიიღებენ.

უეფას გეგმებში შედის მონაწილე კლუბების რაოდენობის გაზრდა 32-დან 36-მდე. თითოეული გუნდი ჩაატარებს 10 მატჩს სხვადასხვა კლუბთან, ხოლო ჯგუფური ეტაპი შეიცვლება ერთი მთლიანი ლიგით, რომელშიც ე. წ. „შვეიცარიული მოდელით“ იმოქმედებენ.

რვა საუკეთესო გუნდი ავტომატურად გავა პლეი ოფში, მომდევნო 16 გუნდი კი გაითამაშებს დარჩენილ რვა საგზურს.

ახალი ფორმატი, რომელიც კლუბებს უფრო მეტი თამაშისა და შემოსავლის გარანტიას აძლევს, არის უეფას პასუხი სუპერლიგის შექმნაზე.