ჩემპიონთა ლიგა | ზიდანი ტუხელის წინააღმდეგ - ტაქტიკური თამაში, რომელშიც ყველაფერია მოსალოდნელი #1TVSPORT 
ჩემპიონთა ლიგა | ზიდანი ტუხელის წინააღმდეგ - ტაქტიკური თამაში, რომელშიც ყველაფერია მოსალოდნელი #1TVSPORT 

ჩემპიონთა ლიგა პაუზის შემდეგ ნახევარფინალური ეტაპით ბრუნდება და როგორც ყოველთვის, გულშემატკივარი ამჯერადაც საინტერესო და დაძაბულ შეხვედრებს უნდა ელოდოს. პირველ მატჩში, რომელიც დღეს გაიმართება, მადრიდის „რეალი“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს. ორი ისტორიული გრანდის შეხვედრის გარდა, ამ დუელში ინტერესს ზინედინ ზიდანისა და თომას ტუხელის დაპირისპირებაც იწვევს, რომლებიც ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურებიან.

ზიდანი, მიუხედავად იმ რესურსისა, რომელიც მას გააჩნია ესპანეთის ლა ლიგისთვის ბრძოლაშიც აქტიურადაა ჩართული და ჩემპიონთა ლიგაზეც ბოლოსწინა ეტაპამდეა მისული. თუ გადავხედავთ მადრიდელების ტრავმირებულთა სიას, მათი შანსები არც თუ ისე მაღალია, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა ამ სეზონში უკვე არაერთხელ გაგვაკვირვა ტაქტიკური სვლებით და ამ შემთხვევაშიც იგივეს უნდა ველოდოთ.

„რეალმა“ ლა ლიგის ბოლო სამ თამაშში 2 ფრე ითამაშა და გოლი არ გაუშვია

რაც შეეხება ტუხელს, გერმანელი სპეციალისტი პარიზიდან ლონდონში გადაბარგების შემდეგ, გამორჩეულ სეზონს ატარებს და თუ მას აქამდე ვინმე სკეპტიკურად უყურებდა, ასეთ ადამიანებს მან აბსოლიტურად საწინააღმდეგო დაუმტკიცა და გარდა იმისა, რომ „ჩელსი“ პრემიერლიგის ოთხეულშიც იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის მოგებამდეც რამდენიმე ნაბიჯი აშორებს.

ტუხელის „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგაზე 4 თამაშში 1 გოლი აქვს გაშვებული

ამ შეხვედრას უფრო მეტ დრამატულობას წინა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროცესები სძენს. შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ევროპის სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორად მოიაზრება. „ჩელსიც“ იმ 12 გუნდს შორის იყო, რომლებმაც ახალი ტურნირი დააანონსეს, მაგრამ „სტენფორდ ბრიჯისბინარდრებმა ის მალევე დატოვეს. მიუხედავად ამისა, არისტოკრატებს თავიანთი გულშემატკივრებისთვის მაინც ბევრი აქვთ დასამტკიცებელი და მეტოქეც ისეთია, რომ განსაკუთრებით უნდა მოინდომონ.

სამეფო კლუბის შემადგენლობაში, როგორც ვახსენეთ, მნიშვნელოვანი დანაკლისია – ზიდანს განკარგულებაში არ ეყოლება მადრიდული გუნდის ორი ძირითადის მოთამაშე – სერხიო რამოსი და ფერლან მენდი, ტრავმრიებულია ასევე ლუკას ვასკესი და ფედერიკო ვალვერდე. ედენ აზარი, შესაძლოა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვიხილოთ, რადგან ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ის ამ შეხვედრის განაცხადში იქნება. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრა არ მოუწევს კოვაჩიჩს, რომელიც კვლავ ტრავმირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: კურტუაკარვახალი, ვარანი, მილიტაო, ნაჩო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვინისიუსი, ბენზემა ასენსიო.

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რუდიგერი, ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი, მაუნტი, ჰავერცი, ვერნერი.

 

მწვრთნელების კომენტარი

ზინედინ ზიდანი (რეალი): „ჩელსი“ არის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი საქმე გააკეთა და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში, ისევე როგორც „რეალ მადრიდი“. ეს იქნება რთული და განსხვავებული მატჩი და „ჩელსი“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. სეზონის დასრულებამდე 1 თვე რჩება და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

თომას ტუხელი (ჩელსი): ჩვენგან სიგიჟეებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. ჩვენ რთული თამაშები გვქონდა და ვფიქრობთ, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ – ესაა სტრატეგია. ჩვენ თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები, ჩვენ სიძლიერეებზე და გავაკეთოთ ის, რაშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

დატოვე კომენტარი