ჩემპიონთა ლიგა | „სლოვანმა“ ბოსნიის ჩემპიონი სტუმრად დაამარცხა - კაშიამ და კანკავამ მაღალი შეფასებები მიიღეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „სლოვანმა“ ბოსნიის ჩემპიონი სტუმრად დაამარცხა - კაშიამ და კანკავამ მაღალი შეფასებები მიიღეს #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ბოსნიის ჩემპიონს, „ზრინსკის“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ორივე ქართველი (გურამ კაშია და ჯაბა კანკავა) ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ათამაშა და ორივემ საკმაოდ მაღალი შეფასება (7,3) დაიმსახურა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი „სლოვანმა“ დაწინაურება მოახერხა. ბრატისლაველების შეტევა ლოვატმა განავითარა და ზუბერუმ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და სლოვაკეთის ჩემპიონს მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანი“ „ზრინსკის“ შინ პირველ აგვისტოს უმასპინძლებს.

პირველი მატჩი მოიგო დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“, რომელმაც გასვლაზე ისლანდიის ჩემპიონი „ბრეიდაბლიკი“ 2:0 დაამარცხა. დათა ხოჭოლავა დანიელების განაცხადში არ იყო, რადგან ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.