ჩემპიონთა ლიგა | შესანიშნავი შანსი - კაცნაკლულმა ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | შესანიშნავი შანსი - კაცნაკლულმა ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ ბრატისლავაში ვლადიმირ ვაისის „სლოვანს“ ესტუმრა და ურთულესი შეხვედრა ფრედ დაასრულა, რაც საქართველოს ჩემოპიონს მეორე ეტაპზე გასვლის შესანიშნავ შანსს უტოვებს.

„ტეჰელნო პოლეზე“ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იყვნენ, ხოლო 58-ე წუთზე შეცვლაზე გიორგი ჩაკვეტაძეც გამოჩნდა. ბოლოსკენ კანაკავამ კი მასპინძელთა კაპიტნის სამკლაურიც მოირგო.

პირველი რეალური საგოლე მომენტი 31-ე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს – ვლადიმერ ვაისი უმცროსის გადაცემით მეკარესთან პირისპირ მედვედევი დარჩა და მეკარე კუპატაძემ საოცარი რეაქცია გამოავლინა. ერთ წუთში კი ისევ ვაისის გადაცემით „დინამოს“ კარს ვლადიმერ ჟმრალი დაემუქრა და კუპატაძემ ბურთი დაამიწა.

ბათუმელებიდან გატანას ფლამარიონი და აზაცკი ცდილობდნენ, მაგრამ მათ დარტყმას ძალა დააკლდა და მეკარეს პრობლემა ვერ შეუქმნეს. 38-ე წუთზე იურაი კუცკამ კიდევ ერთი სახიფათო მომეტი შექმნა და ისევ გასაოცარი რეაქცია გამოავლინა კუპატაძემ, რომელიც მატჩის გმირი გახდა. ტაიმის ბოლოს კონტრშეტევას გოგა ჩაბრაძე აგვირგვინებდა და მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

42-ე წუთზე ბათუმის „დინამო“ კაცნაკლული დარჩა. ტიგრან ბარსეგიანის წაქცევისთვის მეორე ყვითელი ბარათი ჩვენი გუნდის კაპიტანმა მამუკა კობახიძემ მიიღო და საქართველოს ჩემპიონი კაცნაკლული დატოვა. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დაცვის გასაძლიერებლად შეტევიდან ირაკლი ბიძინაშვილი მოხსნა და მოედანზე კობახიძის შემცვლელად ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი შეიყვანა.

კაცნაკლულმა ბათუმის „დინამომ“ ხასიათი გამოავლინა და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მეორე ტაიმის დასაწყისში თამამად შეუტია და ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ჯოვინო ფლმარიონმა, ზუკა დავითაშვილმა და გოგა ჩაბრაძემ მეკარეს ვერ აჯობეს.

58-ე წუთზე მოედანზე ჩაკვეტაძე გამოჩნდა, რომელმაც სლოვაკების შეტევები გაამწვავა და მალევე მეკარესთან პირისპირ მედვედევი დატოვა, მაგრამ კუპატაძე ისევ შეუდარებელი იყო. მასპინძელთა შეტევები ბათუმელთა შეტევების მორიგი ტალღამ შეცვალა, მაგრამ ჩაბრაძის დარტყმა უშედეგო გამოდგა.

ბრატისლაველი გულშემატკივარი მოვლენების ასეთმა მოულოდნელმა განვითარებამ გაამწარა და საკუთარ გუნდს სტვენა დაუწყეს – კაცნაკლული ბათუმელები არაფერს თმობდნენ და კვლავ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ.

90-ე წუთზე ბათუმელებმა კიდევ ერთი რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს. სწრაფი კონტრშეტევა მათე ვაწაძემ საჯარიმოსთან ლადო მამუჩაშვილს გაუგრძელა, რომელის უძლიერესი დარტყმის შემდეგ „სლოვანი“ მეკარემ გადაარჩინა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა და განემეორებით შეხვედრაში, რომელიც 13 ივლისს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება, ბათუმის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი გაუჩნდა.

სლოვანი – დინამო ბათუმი 0:0

სლოვანი: ხოვანი – მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო – კანკავა, კუცკა – ბარსეგიანი, ვაისი, ჟმრალი – რამირესი

დინამო ბთ: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, ალთუნაშვილი – მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, დავითაშვილი – ფლამარიონი

არბიტრი: დევიდ კუტი (ინგლისი)