ჩემპიონთა ლიგა ქართველების გარეშე გაიხსნა, დვალი „ბარსასთან“ დაასვენეს, წიტაიშვილი - „იუვენტუსთან“
ჩემპიონთა ლიგა ქართველების გარეშე გაიხსნა, დვალი „ბარსასთან“ დაასვენეს, წიტაიშვილი - „იუვენტუსთან“

20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება გაიხსნა. დაგეგმილი რვა მატჩიდან ქართველი გულშემატკივრების ყველაზე დიდ ინტერესს ორი შეხვედრა იწვევდა, სადაც ქართველების გუნდები თამაშობდნენ.

„ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ მიიღო და დიდი უპირატესობა გოლებში გამოხატა – ლეო მესის (27 – პენალტი), ანსუ ფატის (42), ფელიპე კოუტინიოს (53), 17 წლის პედრის (82) და უსმან დემბელეს (89) გოლებით 5:1 დაამარცხა. უნგრელებიდან ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანით 70-ე წუთზე იგორ ხარატინმა გაიტანა. სამწუხაროდ, „ფერენცვაროშში“ (რომელსაც 1995 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშია) საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი სათადარიგოებში იყო და „კამპ ნოუზე“ არ უთამაშია.

კიევის „დინამო“ ოლიმპიურ სტადიონზე ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და ალვარო მორატას დუბლით (46, 84) დამარცხდა. გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში იყო და მირჩა ლუჩესკუს იქიდან არც წამოუყენებია. გუნდში რუმინელი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ 19 წლის ქართველი თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდეს და იშვიათად ათამაშებენ.