ჩემპიონთა ლიგა | „პორტუ“ „იუვენტუსის“ გაგდებასთან ახლოსაა - ტურინელები რევანშისთვის ემზადებიან #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „პორტუ“ „იუვენტუსის“ გაგდებასთან ახლოსაა - ტურინელები რევანშისთვის ემზადებიან #1TVSPORT

დღეს, 9 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს „იუვენტუსისა“ და „პორტუს“ შორის შეხვედრა იწვევს. პორტუგალიელებმა პირველ მატჩში მინიმალური სხვაობით გამარჯვება მოახერხეს 2:1. ანდრეა პირლოსთვის ამ შეხვედრას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ტურინელები სერია A-ში მე-3 ადგილზე იმყოფებიან და 10 ქულით ჩამორჩებიან პირველადგილოსან „ინტერს“. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმის, რომ  „იუვენტუსი“ ორი მთავარი ტიტულის გარეშე დარჩეს, რაც იტალიელი სპეციალისტისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი: შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, კიეზა, რაბიო, არტური, რემზი, მორატა, რონალდო.

პორტუ: მარჩესინი, მანაფა, პეპე, მბემბა, ზაიდუ, სერხიო ოლივიერა, ურიბე, ოტავიო, კორონა, მარეგა, ტარემი.

 

მწვრთნელების კომენტარი:

ანდრეა პირლო (იუვენტუსი): შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჭკვიანურად უნდა წარვმართოთ შეხვედრა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩია. უნდა ვითამაშოთ ტექნიკურად, რადგან ძალიან კომპაქტურ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც პატარა სივრცეებს გიტოვებს და ფიქრის საშუალებას არ გაძლევს.

სერჟიო კონსეისაო (პორტუ): ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მოთამაშეები ყველაფერს იზამენ, რომ პატივი სცენ იმ გერბს, რომელსაც ისინი მკერდზე ატარებენ. ამ ტურნირზე „პორტუს“ ისტორია საკმაოდ მდიდარია. ჩვენ ბოლომდე მოვემზადეთ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ და ჩვენნაირი გუნდისთვის ეს მხოლოდ გამარჯვებაა.