ჩემპიონთა ლიგა - „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონასთან“ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება
ჩემპიონთა ლიგა - „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონასთან“ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება

დღეს, 16 თებერვალს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა გულშემატკივარს მერვედფინალური ეტაპით უბრუნდება. ცენტრალურ შეხვედრაში რონალდ კუმანის „ბარსელონა“ მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო ფეხბურთის ისტორიაში. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ „ბარსელონა“ 4:0 დაამარცხა, პარიზელებს ფაქტიურად ერთი ნაბიჯი აკლდათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში „ბარსელონამ“ მეტოქის კარში 6 გოლის გატანა მოახერხა და „პარი სენ-ჟერმენს“ „ნოუ კამპზე“ 6:1 სძლია.

ბარსელონა – პსჟ 6:1

 

გულშემატკივარი დღევანდელ დაპირისპირებაში ნეიმარისა და მესის დუელს ელოდა, მაგრამ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, ის კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ორივე შეხვედრას გამოტოვებს. პარიზულ გუნდს წინა ტურში დი მარიაც გამოაკლდა. „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობიდან კი ტრავმირებულები არიან პიკე და კოუტინიო.

 

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, მინგუეზა, ლენგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

პსჟ: ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემპე, კურზავა, გაიე, ვერატი პარედესი, კინი, იკარდი, მბაპე.

 

მწვრთნელების კომენტარი:

რონალდ კუმანი (ბარსელონა): ჩვენ ამ დაპირისპირებას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. დიდი ხანია ვიცით, რომ წინ რთული თამაშები გველის, რადგან პსჟ-ს ჰყავს ძლიერი გუნდი. ჩვენ გვინდა, რომ ვაკონტროლოთ ბურთი და შევქმნათ მომენტები. ასევე აუცილებელია, რომ არ გავუშვათ გოლი.

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ): ეს განსაკუთრებული მატჩია. ყველაზე განსაკუთრებული რაც მე აქ მქონია. ვგრძნობ, რომ ეს თამაში გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება კლუბის მთავარი მიზანია. ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, ხვალ მზად ვიქნებით. მე ამაზე არც კი ვნერვიულობ, რაც მოხდა მოხდა. გუნდი განსხვავებულია იმისგან, რაც ადრე იყო და მე აქ რაღაც ახალს ვაშენებ.

დატოვე კომენტარი