ჩემპიონთა ლიგა | კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ დაამარცხა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ დაამარცხა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი მატჩი გასვლაზე „ბრაგასთან“ ჩაატარა და რთულ შეხვედრაში პორტუგალიური გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 2:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. ხვიჩამ პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი დი ლორენცომ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

თუმცა 45+2-ე წუთზე ანგარიში სწორედ „ნაპოლის“ ამ სამეულმა გახსნა – ქართველის წამოწყებული შეტევა ოსიმენმა დი ლორენცოს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და „ნაპოლიმ“ ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში „ბრაგა“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მომენტებიც შექმნა და 84-ე წუთზე მიზანს მიაღწია. სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით ბრუმამ დააგვირგვინა. თუმცა 87-ე წუთზე პიოტრ ზელინსკის ჩაწოდების შემდეგ „ბრაგას“ მცველმა სიკოუ ნიაკატემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი ჩაატარა დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“, რომელიც სტამბულში „გალათასარაის“ ესტუმრა და ორბურთიანი უპირატესობა ბოლო წუთებზე გაანიავა. ქართველი მცველი კი რეაბილიტაციის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს.